გრიგოლ (გიგლა) ჩიქოვანი დაიბადა 1960 წლის 28 აგვისტოს. დაამთავარა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო ზოო-ვეტერინალური ინსტიტუტი, ზოოინჟინრის სპეციალობით. ასევე მიღებული აქვს ეკონომიური განათლებაც. ამჟამად არის სააქციო საზოგადოება ,,ხიდმშენის” აღმასრულებელი დირექტორი.

პარალელურად მას მიღებული აქვს მუსიკალური განათლება. დაამთავრა თბილისის I სამუსიკო სკოლა ვიოლინოს განხრით, საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ბ. ამირხანოვის კლასი. თავისუფლად ფლობს გიტარასა და ფორტეპიანოს. არაოფიციალურად აღიარებულია საქართველოს საუკეთესო გიტარაზე დამკვრელად არაპროფესიონალთა შორის.

მას აქვს რამდენიმე საკუთარი მუსიკალური კომპოზიციაც, შესანიშნავი ქართველი პოეტის ა. კალანდაძის ლექსებზე, მათ შორის ერთ-ერთი, ,,ხატებთან შვენი დახრილი წამით”, განსაკუთრებით ცნობილი და პოპულარულია. გიგლა ასევე ხშირად მღერის მეგობრებთან ერთად. არის ცნობილი ტრიოს (გ. კორკოტაშვილი, ვ. მესხი) წევრი და მათთან ერთად წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტებსა და ტელე-რადიო გადაცემებში.

მისი დამახასიათებელი თვისებები: კომუნიკაბელურობა, იუმორი, მუსიკალურობასთან ერთად გახდა იმ დიდი სიყვარულის განმაპირობებელი, რომლითაც იგი სარგებლობს ნაცნობ-მეგობართა ფართო წრეში, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

გიგლამ სიმღერა დაიწყო სულ პატარამ. ექვსი წლის ასაკიდან უკვე სცენაზე იდგა დასთან, მარიკასთან, ერთად და ფორტეპიანოზე მამის თანხლებით ასრულებდნენ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს. იყვნენ არაერთი ბავშვთა რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსის ლაურეატები, ჰქონდათ გამოსვლები მოსკოვში და მონაწილეობდნენ საკავშირო ცენტრალური ტელევიზიის გადაცემებში.

ბავშვობაში გიგლა მღეროდა პირველ ხმას. ჰქონდა ძლიერი და ლამაზი ტემბრი. საოჯახო მუსიკალურ ანსამბლში იგი მღერის მეორე, მესამე ხმას (ბარიტონი), ოთხხმიან სიმღერებში, აკაპელებში კი მეოთხესაც მამასთან, ზურაბთან ერთად.

გიგლას მეუღლეა ეკატერინე (ეკა) კუპრაშვილი, პროფესიით არქიტექტორი. იგი კარგი მხატვარიცაა. მას ძალიან უყვარს სიმღერა და მეუღლის, გიგლას, მუსიკალური შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. ცოლ-ქმარს აქვთ საკუთარი სასიმღერო რეპერტუარიც.

ეკას მამა, გიორგი კუპრაშვილი, პროფესიით ინჟინერი, წლების მანძილზე იყო დიდი წარმოების, ეთერზეთების მწარმოებელი ქარხნისა და შემდგომ, უკვე, ამავე დასახელების ტრესტის ხელმძღვანელი და ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი.

დედა, ლალი კობაიძე, პროფესიით მატემატიკოსია და წლეების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ეკას ჰყავს უფროსი ძმა, თემურ კუპრაშვილი.

გიგლას და ეკას შვილია, გიორგი ჩიქოვანი, დაბადებული 1995 წლის 14 მაისს. ის სწავლობს თბილისის ,,მომავლის სკოლაში” მე-9 კლასში, მიღებული აქვს დაწყებითი მუსიკალური განათლება, ფორტეპიანოს განხრით. იგი ბავშვობიდან მღერის. მუსიკალურ ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიუღია არაერთ სატელევიზიო გადაცემაში. ჯერ კიდევ პატარა საგასტროლოდ იმყოფებოდა თურქეთში, ქალაქ ზონგულდაქში ბაბუის, ზურაბის ხელმძღვანელობით შექმნილ ანსამბლ ,,იმერეთთან” ერთად, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მღეროდა ბიჭუნების ფოლკლორულ გუნდში.

გიორგი გატაცებულია სპორტითაც. სხვადასხვა დროს დადიოდა სპორტის სხვადასხვა სახეობებზე. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სათხილამურო სპორტში. შედის საქართველოს ახალგაზრდა მოყვარულ მოთხილამურეთა ათეულში, არის რამდენიმე ტურნირის პრიზიორი, მათ შორის პირველი პრიზისა და ოქროს მედლის მფლობელი.