ეკა ჩიქოვანი დაიბადა ქ. თბილისში 1963 წლის 3 ოქტომბერს. იგი სწავლობდა 55-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა მ. ბალანჩივაძის სახელობის მე-3 სამუსიკო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე. მუსიკალური სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1982 წელს სწავლა განაგრძო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო კაპელაში და ეწეოდა, როგორც სასცენო, ასევე პედაგოგიურ მუშაობას.
კონსერვატორიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ქორმეისტერის, მუს. თეორიის, ფოლკლორისტის კვალიფიკაციით მუშაობა განაგრძო ა. ხაჩატურიანის სახელობის მე-10 სამუსიკო სკოლაში ფოლკლორისა და საგუნდო დისციპლინების პედაგოგად. იგი ამ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა, როგორც საქალაქო, ასევე რესპუბლიკურ დათვალიერებებში, კონცერტებსა და ფესტივალებში, სადაც მიღებული აქვს მრავალი დიპლომი და ლაურეატის წოდება.
1995 წლიდან მუშაობა გააგრძელა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ ათწლედში, ქორმეისტერად, შემდეგ გუნდის ხელმძღვანელად. დასავლეთ ევროპის კლასიკური მუსიკის შესწავლა-შესრულებასა და პროპაგანდასთან ერთად, აქტიურად ეწეოდა ახალგაზრდა თაობის ქართული კლასიკური პროფესიონალური მუსიკის. ფოლკლორის, საგალობლების შესწავლა-პროპაგანდას. მისი მოსწავლეები დღეს თავად არიან დირიჟორები, მგალობლები, მომღერლები და ეწევიან აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას.
მუსიკის შესწავლის განსხვავებული სპეციფიკით დაინტერესებამ, განაპირობა მისი მუშაობა საბავშვო-სატელევიზიო მუსიკალური განვითარების სტუდია ,,ბასტი-ბუბუში”, სადაც იგი დღესაც მოღვაწეობს.
2005 წლიდან დღემდე იგი მუშაობს ე. მიქელაძის სახელობის მე-2 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების უფროს მასწავლებლად. ამასთანავე იგი არის გაერთიანებული გუნდის, ბავშვთა კაპელის დირიჟორი (მეორე დირიჟორი რომეო გიორგაძე). საგუნდო კოლექტივის შექმნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მცირე დროში გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია. 2009 წელს გუნდმა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაატარა სოლო კონცერტი, სადაც შუმანის, პერგოლეზის, ფორეს, ქართული საგალობლებისა და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებთან ერთად საქართველოში პირველად შესრულდა ჰაიდნის h-moll და მოცარტის d-moll მესები (ორკესტრის დირიჟორი გიორგი ჟორდანია).
ჩიქოვანების საოჯახო მუსიკალურ ანსამბლში ეკა კურიოზული შემთხვევის წყალობით ჩაერთო. ერთ-ერთ კონცერტზე, 5 წლის ეკა ხელიდან გაუსხლტა დარბაზში მჯდომ დედას, აირბინა სცენაზე, სადაც იმ დროს მისი და-ძმა გამოდიოდა და მამას სთხოვა მისთვისაც ემღერებინა ის სიმღერა, რომელიც იცოდა. დარბაზის მხურვალე მოთხოვნით ეკამ შეასრულა სიმღერა ცნობილი საბავშვო ფილმიდან. ასე დაიწყო მისი მონაწილეობა ოჯახის ანსამბლში.
ეკას აქვს ფართე დიაპაზონის ხმა, საოჯახო მუსიკალურ ანსამბლში იგი ძირითადად მღერის მეორე ან მესამე ხმას (მეცო სოპრანო), როგორც ცალკე, ასევე დედასთან ან ძმასთან ერთად. ასეთივე წარმატებით ასრულებს სოლოსაც. იგი ძმასთან და მამასთან ერთად არის სახვადასხვა მუსიკალური არანჟირებების ავტორიც. თავისი ცხოვრების გზა ეკამ დაუკავშირა გია ჭიღვარიას. სამწუხაროდ იგი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. პროფესიით იურისტი, პოეზიის, ლიტერატურისა და მუსიკის შესანიშნავე მცოდნე, რამდენიმე პოეტური ჩანახატის ავტორიც იყო. მისი მამა და ბიძები განთქმული იყვნენ რაჭაში (საქართველოს კუთხე), როგორც ხალხური სიმღერების შესანიშნავე შემსრულებლები. გიას მამა, ბორის ჭიღვარია იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ცნობილი მეხიდე ინჟინერი – საქართველოს, რუსეთის, ჩრდილო კავკასიისა და ამიერ კავკასიის ,,დამსახურებული მშენებელი” ღირსების ორდენის კავალერი და მრავალი სამამულო და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. საქართველოში მან ჩამოაყალიბა ხიდმშენის სამმართველო, რომელიც დღესაც, მისი გარდაცვალების შემდეგ, აქტიურად აგრძელებს მუშაობას, დღესდღეობით, სააქციო საზოგადოება ,,ხიდმშენის” სახელით.
დედა, ჟუჟუნა ჯაფარიძე, პროფესიით გეოგრაფი. ჯაფარიძეების სახელგანთქმნული და პატივსაცემი ოჯახისა და დიდი სანათესაო წრის ღირსეული წარმომადგენელია.
ეკას ჰყავს ორი ვაჟიშვილი, გიორგი-ბორის ჭიღვარია, დაბადებული 1985 წელს და ზურაბ ჭიღვარია, დაბადებული 1986 წელს.
ბორისი ბაბუის პროფესიის გამგრძელებელია. ასევე ის შესანიშნავად მღერის და წლების განმავლობაში მღეროდა 28-ე მუსიკალური სკოლის ანსამბ ,,ბიჭუნებში”, თამაზ ანდღულაძის ხელმძღვანელობით. ამჟამად იგი არის ს.ს. ,,ხიდმშენის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
ზურაბ ჭიღვარიამ დაამთავრა ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფილიალი (ჰავაი), ბიზნესის ფაკულტეტი მარკეტოლოგის სპეციალობით. იგი არის ს.ს. ,,ხიდმშენის” სამოთვალმყურეო საბჭოს წევრი.