იფიგენია (ითო) შარაშიძე დაიბადა 1933 წლის 25 მაისს თბილისში. წარჩინებით (მედალზე) დაამთავრა ქალთა მე-2 საშ. სკოლა და პროფესიად ექიმობა აირჩია. 45 წელი იმუშავა სასწრაფო დახმარების ექიმ-კარდიოლოგად და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და აღიარება მისი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე.

ითო კარგად უკრავს გიტარაზე, აქვს მიღებული მუსიკალური განათლება. თავდაპირველად მან შეასწავლა თავის ვაჟს, გიგლას და დანარჩენ შვილებს ამ ინსტრუმენტზე დაკვრა. ფლობს რუსულ და სომხურ ენებს. სომხური ენა თბილისში, სოლოლაკში ე.წ. ,,თბილისური ეზოების” ტიპის მრავალეროვან სახლში ცხოვრებისას შეისწავლა.

ითო არის პედაგოგების ოჯახიდან. მამა – კონსტანტინე შარაშიძე, განათლებით გეოგრაფი და დედა – ელენე გოგეშვილი, დამსახურებელი პედაგოგები იყვნენ. პედაგოგი იყო მისი დაც, დიანა შარაშიძე, მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში. მას დარჩა ვაჟი – ირაკლი ჟღენტი, რომლის აღზრდაშიც დეიდას, ითოს, დიდი წვლილი მიუძღვის. სამწუხაროდ ისიც  ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. მას დარჩა ქალიშვილები, დიანა, მედიკო ჟღენტები და შესანიშნავი შვილიშვილები ქეთევან ბასილაშვილი და მარიამ ჩიქოვანი.

იფიგენია (ითო) შარაშიძეების, ჯაყელების, ბერიძეების  ქართულ, კერძოდ, გურია-მესხეთის (საქართველოს კუთხეები) ისტორიულად თავადაზნაურულ გვართა შთამომავალია. აღსანიშნავია, რომ შარაშიძეების გვარი ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში დამკვიდრდა, როგორც იუმორითა და მახვილგონივრული აზროვნებით გამორჩეული. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ცნობილმა ლიტერატორმა და პუბლიცისტმა, თაგუნა შარაშიძემ დაარსა პირველი იუმორისტული ჟურნალი ,,ეშმაკის მათრახი”.

ითოს ნათესაურ წრეში, რომელშიც მრავლად იყვნენ ქართული საზოგადოების ცნობილი, დამსახურებული პიროვნებები, ასევე არსებობდა იუმორის, სიმღერისა და ლიტერატურის სიყვარულის დიდი ტრადიცია. ოჯახურ-ნათესაური შეხვედრების დროს და-ძმები შარაშიძეები არიებსაც მღეროდნენ ზ. ფალიაშვილისა და დ. არაყიშვილის ოპერებიდან. დედის მხრიდან დეიდები და ბიძებიც კარგად ფლობდნენ გიტარას და ასევე მღეროდნენ. მისი უახლოესი გარემოცვა გახლავთ საქართველოს სახალხო და დამსახურებული მხატვრების იოსებ, ვახტანგ და ლადო ქოქიაშვილების ოჯახი. ცნობილმა მონუმენტალისტმა და მოზაიკოსმა, საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ვახტანგ ქოქიაშვილმა თავის უნიკალურ ბოლო ნამუშევარში, კოლაჟის ტექნიკით შესრულებულ მხატვრულ ალბომში ,,საქართველო 3000”, რომელსაც თავად ,,საქართველოს ვიზუალური ბიბლია” უწოდა, ჩიქოვანების მუსიკალურ ოჯახს ღირსეული ადგილი მიუჩინა მათი ისტორიული კუთხის, სამეგრელოს ამსახველ მხატვრულ პანოში, საიდანაც  ისინი არიან წარმოშობით.

ითოს პიროვნულმა თვისებებმა: იუმორის გრძნობამ (იგი კარგი პარიდოსტიცაა), მუსიკალურობამ, თბილმა, მოყვარულმა ბუნებამ, ბევრად განაპირობა ამ მუსიკალური ოჯახის შექმნა და წინსვლა მეუღლესთან, ზურაბთან ერთად. ამის ერთ-ერთი კურიოზული მაგალითია, როცა მეოთხე შვილზე, გვანცაზე, მეცხრე თვეში მყოფი, გაემგზავრა მოსკოვში, ცნობილ სვეტებიან დარბაზში კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ამის გამო მეგობრის  ცნობილი გინეკოლოგის გაყოლაც გახდა საჭირო.