გვარის გაჩენის საყოველთაო მიმოქცევაში შემოსვლის დროის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში გვარები VI საუკუნეში გაჩნდა.

უფრო დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გვარების უმრავლესობა დაახლოებით XII-XV საუკუნიდან წარმოიშვა.

დღეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია: ბერიძეები (24797), კაპანაძეები (18550), გელაშვილები (17995), მაისურაძეები (16516), გიორგაძეები (14582). საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვართა შორის ჩიქოვანები 107-ე, სამეგრელოში კი 46-ე ადგილზეა (1749 სული).

გვარის ძირძველი სამკვიდროა მუხური (103 კომლი) და მისი მეზობელი ხაბუმე (37 კომლი). საისტორიო წყაროებში გვარის სამი ვარიანტი ჩანს: ჩიქვანი, ჩიქოანი, ჩიქოვანი.

ტოპონიმები: ლეჩიქვანე – საჩიქვანო, ნაჩიქვანს – ნარჩქვან.

ჩიქოვანის ნასახლარი ყოფილა ჭაქვინჯი. ლეჩხუმელი (სვანი) ჩიქოვანები XVII საუკუნეში ჯერ კიდევ აზნაურები იყვნენ და გორდში სახლობდნენ. პირველი ვინც ლევან დადიანის კარზე დაწინაურდა (1661-1680 წ.წ.) კაცია ჩიქვანი იყო, თუმცა საისტორიო წყაროებში უფრო ადრე ჩანს მისი ძმა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გაბრიელი (თ. სოსელია, დოკუმენტები… 1973, გვ.315).

ჩიქოვანები ჯერ ოდიშის ლიპარტიანის (უმაღლესი მოხელე დადიანის კარზე) – ტიტულს, ხოლო XVIII საუკუნის დამდეგიდან დადიანის ტახტს დაეუფლნენ. ვახუშტი წერს „გორდი არის სოფელი ლეჩხუმისა ბოლოს.

აწ რომელ არიან ოდიშს დადიანად, ამას გორდსა შინა იყვნენ სახლობელნი, ჩიქოვანნი და იქიდან გადადიანდნენ.

“ ჩიქვანების სათავადო წარმოიქმნა ძველი სალიპარტიანოს ერთ ნაწილზე. მასში შედიოდა სოფლები: ლესაჭე, თარგამული (ნაწილობრივ),ჯოლევი (ნაწილობრივ),ნამკოლუ (ნაწილობრივ), ლეძაძამე (ნაწილობრივ), მამულებს ფლობდნენ აგრეთვე თამაკონს, ნოქალაქევს და ლეჩხუმში… ჩიქვანი – ჩიქოვანები XIII საუკუნიდა ჩანან, მოგვიანებით გავლენინაი თავადები იყვნენ და სხვადასხვა თანამდებობებს ფლობდნენ.

ქართულ ენციკლოპედიაში შესულები არაიან: ალექსანდე ერემიასძე, ალიკო ევგენისძე, გიორგი ევგენისძე, გრიგოლ სამსონასძე, ვახტანგ ვლადიმერისძე, ჩიქოვანი, ჩიქვანი კაცია კონსტანტინე, (ბონდო) პლატონისძე, მიხეილ იასონისძე, სამსონ სამსონისძე, სამსონ ივანესძე, სიმონ ჩიქოვანი…

ღმერთმა ამრავლოს ჩიქოვანთა გვარი

ტექსტის ავტორი -აკადემიკოსი იაკობ ახუაშვილი

მეფის რუსეთთან მებრძოლი ხუნწელები.
ვფიქრობთ, რომ ეს მოგონება არამხოლოდ ხუნწის თემის არამედ სრულიად საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანია, ამდენად გთავაზობთ მას შედარებით სრულად, იმ სახით როგორც იგი ჩვენს წიგნში შევიდა, რათა პატივი ვცეთ წარსულს და ამით დავიწყებას გამოვტაცოთ ღირსეული მამულიშვილები
,,1867 წლის 4 იანვარს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შესახებ. ამდენად, სამეგრელოს სამთავრომ, რომელიც მისთვის მინიჭებული შეზღუდული ავტონომიის პირობებში, წარმოადგენდა ქართული სულიერების და სამართლებრივი აზროვნების უკანასკნელ ბასტიონს არსებობა შეწყვიტა.
ამ დროს არსებული ვითარების დახასიათება კი არ იქნება სრული თუ ორიოდე სიტყვით არ ითქვა მეფის რუსეთის პოლიტიკის იმ თავისებურებებზე რასაც იგი ატარებდა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დასამკვიდრებლად.
საწყის ეტაპზე მეფის რუსეთი არ მოერიდა ისეთი რადიკალური ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა ,,გეორგიევსკის ტრაქტატით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა და 1801 წლის მანიფესტით გააუქმა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი უფლებები ქართლსა და კახეთში.
ამით მან, როგორც პოლიტიკურად ისე ფიზიკურად მოიკიდა ფეხი საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილში. საქართველოს სხვა კუთხეების მიმართ კი ერთი შეხედვით თითქოსდა ლოიალურ პოლიტიკას აწარმოებდა, რომელიც გათვლილი იყო შედარებით ხანგრძლივ პერიოდზე იმ ვარაუდით, რომ მეფის რუსეთისათვის დადებითი შედეგებით დამთავრდებოდა.
გეგმა, რომელსაც პირობითად ,,მცოცავი გეგმა“ შეიძლება ვუწოდოთ ( რაც დღესაც წარმატებით მუშაობს რუსეთისათვის), აგებული იყო მთელ რიგ ეფექტურ გათვლებზე, კერძოდ საქართველოს კუთხეების კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით ცარიზმის კოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლა, რომ თავიდან აეცილებინათ, დავით დადიანის გარდაცვალებამდე, რუსი მოხელეები აქტიურად არ ერეოდნენ სამთავროს საშინაო საქმეებში. პირიქით მთავარს მინიჭებული ჰქონდა მთელი რიგი უფლებები და არ უშლიდნენ ხელს გაეტარებინა სასამართლო და სხვა სახის რეფორმები.
თუმცა, ამის პარალელურად, თანმიმდევრულად ხორციელდებოდა სამთავროს სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება, მაგრამ ამისთვის გამოყენებული იყო არა ჯარი და სადამსჯელო ორგანოები არამედ ,,ცივილური“ მეთოდები ასე მაგ. საგუშაგოების მოსაწყობად მეფის რუსეთმა იჯარით აიღო მიწის ნაკვეთები ანაკლიასა და ყულევში, რაშიც, იმ დროისათვის სოლიდურ თანხას-12 000 მანეთს უხდიდა მთავრის ხაზინას.
ანუ, გარეგნულად მეფის რუსეთი აღიარებდა და პატივს სცემდა პატარა სამთავროს ავტონომიას, თუმცა შეუმჩნევლად ეუფლებოდა მის სტრატეგიულ ობიექტებს, რითაც ფაქტობრივად აკონტროლებდა სამთავროს მთელ ტერიტორიას.
მეფის რუსეთის შემდეგი ნაბიჯიც, ერთი შეხედვით, ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა, რომ იგი დაინტერესებული იყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენით, მხედველობაში გვაქვს 1813 წელს სამურზაყანოს (დღევანდელი გალის რაიონის) სამეგრელოს სამთავროსთვის გადაცემა. სინამდვილეში კი ამით მტრობა დათესა აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებს შორის, რადგან აფხაზეთის მთავარი სამურზაყანოს მისი სამთავროს შემადგენლობაში მოიაზრებდა და დაუკარგა, როგორც ერთად ყოფნის ისე საჭიროების შემთხვევაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით გამოსვლის სურვილი.
ეს ნაბიჯი, რომ აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებს შორის შუღლის ჩამოგდებაზე იყო გათვლილი იქიდანაც ჩანს, რომ 1840 წელს სამურზაყანოს ტერიტორია მეფის რუსეთმა დავით დადიანისაგან გამოისყიდა სულ რაღაც 25 000 მანეთად და ამ ტერიტორიაზე ჩააყენა თავისი ჯარი. ამდენად, სამეგრელოს სამთავრო მთლიანად მოწყვეტილი აღმოჩნდა აფხაზეთის სამთავროსაგან. ანუ, კიდევ უფრო ნაკლები შანსი დარჩა საიმისოდ, რომ რაიმე საფრთხე დამუქრებოდა რუსეთის ინტერესებს.
სამწუხარო ის არის, რომ რუსული პროპაგანდის ანკესს წამოგებული მსოფლიოს იმდროინდელი საზოგადოებისთვის სამურზაყანოს ტერიტორიაზე მყოფი რუსული ჯარი ასოცირდებოდა ისეთ მშვიდობისმყოფელებად, რომელსაც ურთიერთ შეტაკებისგან უნდა დაეცვა თვით რუსეთის მიერ დაპირისპირებული აფხაზური და ქართული მხარეები.
შემდგომი პერიოდის მოვლენებმა, რომელიც რუსული სცენარით და მისი აგენტურის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ შეამზადა ნიადაგი მოსახლეობის უკმაყოფილების ასაგორებლად, რამაც მისცა შესაძლებლობა რუსეთს დესტაბილიზაციის ლოკალიზების მიზნით სამეგრელოში შეეყვანა ჯარი და სამთავრო გაეუქმებინა. მოგვიანებით იგივე ბედი ეწია სვანეთის და აფხაზეთის სამთავროებსაც.
ამრიგად, დროში თუმცა გაწელილი, მაგრამ სწორად გათვლილი პოლიტიკის წყალობით, მეფის რუსეთმა სერიოზული დანაკლისის გარეშე მიაღწია პოლიტიკურ გაბატონებას მთელ საქართველოზე.
სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა რუსეთის ამ ჩანაფიქრის ჩაშლა. თუმცა, სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების გაუქმებიდან მოკლე დროში ამ კუთხეების წარმომადგენლებმა დაივიწყეს ურთიერთ წყენა და ერთობლივი ძალისხმევით შეეცადნენ მეფის რუსეთის განდევნას.
ამ წამოწყების სათავეებთან კი აფხაზ გიორგი შერვაშიძესთან ერთად, იდგა ხუნწელი კონსტანტინე ჩიქვანი (ჩიქოვანი იგივე დიდი კონსტანტინე), კერძოდ, მან რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის აჯანყების მოსამზადებლად, რასაც 1866-1867 წლებში ჰქონდა ადგილი, თავის ძმასთან-გიორგი ჩიქვანთან ერთად, აფხაზეთ-სამეგრელო შემოიარა, რა დროსაც შეგროვდა 15 000-მდე პატრიოტი.
თუმცა ძალები, ვინაიდან არასაკმარისი იყო და აჯანყება დამარცხდა კონსტანტინე ჩიქვანი, აფხაზ მეუღლესთან ერთად, რომელიც იყო გვარად ემხვარი, დაბრუნდა მშობლიურ სოფელ ხუნწში და იყო სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის-მამულების გამგებელი.
კონსტანტინე ჩიქვანმა დიდი ამაგი დასდო ხუნწის გზების კეთილმოწყობის საქმეს, სათავეში ედგა სოფელში სკოლის მშენებლობას და სხვა. ყოველივე ამის და იმის გამოც, რომ უზარმაზარი ტანი ჰქონდა და მისი სიმძიმის ქვეს ცხენიც კი იზნიქებოდა, ხუნწელები უწოდებდნენ მას დიდ კონსტანტინეს.
კონსტანტინე ჩიქოვანს ჰყავდა ერთი შვილი-ალექსანდრე, რომელიც ადრევე გარდაიცვალა და ზრდიდა მის 6 შვილს. მათგან მოგვიანებით სიმონ ჩიქოვანმა დაარსა ქუთაისში ფიზიოთერაპიური საავადმყოფო, გუძა ჩიქოვანმა 25 წლის ასაკში დაიცვა მედიცინაში სადოქტორო დისერტაცია და სრულიად ახალგაზრდა 30 წლის ასაკში გარდაიცვალა ოდესაში, გიგლა ჩიქოვანი, დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ხარაგაულ-აბასთუმან-ზეკარის მეტყევედ. გრიგოლ ჩიქოვანმა კი ბაბუის სურვილის წინააღმდეგ, ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პეტერბურგში სასწავლებლად წასვლაზე უარი განაცხადა და ამის მიზეზი გახდა მღვდლის ქალიშვილ ოლღა გუბელაძისადმი მისი სიყვარული, რომელსაც ცნობილი სიმღერა, ,,გიმნაზისტი გიმნაზისტკას ეფიცება, აძლევს სიტყვას“ მიეძღვნა თუმცა, ცოტამ თუ იცის ამის შესახებ.
გრიგოლ ჩიქოვანს და ოლღა გუბელაძეს, თავის მხრივ, რამდენიმე შვილი ჰყავდათ, მათ შორის ნიკოლოზ (ჯაბა) ჩიქოვანი, რომელიც რამდენიმე წელი თავდადებით ემსახურა ჯერ თავის მშობლიურ სოფელ ზედა ხუნწს, როგორც ამ სოფელში არსებული არასრული სკოლის პედაგოგი და დირექტორი, მოგვიანებით მარტვილის #1 საშუალო სკოლის დირექტორი, ხოლო შემდეგ სოფლის მეურნეობას, კერძოდ იყო ხუნწის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ვედითკარის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი და აშ.
ამჟამად კი ამ ოჯახის ტრადიციებს აგრძელებენ ჯაბა ჩიქოვანის შვილები- ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნათელა ჩიქოვანი, დარეჯან ჩიქოვანი, დიდი წინაპრის მოსახელე კონსტანტინე (კოტე) ჩიქოვანი, ასევე მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც, საცხოვრებლად გადავიდა მშობლიურ ხუნწში და სხვები’’.
გამოყენებული წყაროები: 1) იასონ ფარულავას მოგონებები;
2) ე. ერემაძის ,,მძიმე ეპოქის შვილები (გაზეთი კვირის პალიტრა’’. 1919 წ. 5 აგვისტო);
3) პ(თ) მონიავა, ჯ. ხუროძე წიგნი-,,ხუნწი, ისტორიის წყვდიადში ჩაძირული ონოგურისი და ხუნწელები“. 2021 წელი.