მე ოცი წლის ვარ!, არა, ათის, არა, ორმოცის,

სამოცისა და უფრო მეტის, – ორიათასის!

სამყაროს ხნის ვარ, ყოველი თვის ვარ ზოდიაქო,

მარალისისა, მირკანის და იქნებ მკათათვის.

მე ქალი ვარ და მე სამსხვერპლოდ

სიცოცხლე მომაქვს, მე შემიძლია გადავრაზო

სამოთხის კარი, მე შემიძლია უძლეველი

ვაქციო მონად და გაზაფხულად ავაფეთხო

ცივი ზამთარი.

ჩემში ვატარებ ყველა სიტყვას, ყველა  სახებას,

ტკივილი, ტანჯვა, სიყვარული ყოველთვის მახლავს,

ყოველდღე ვკდები, მაგრამ ჩემში კვლავ ისახება

ჩემი წარსულის მომავალი სიცოცხლე ახლად.

მე ქალი ვარ და მე ვარსებობ ასაკის მიღმა,

მე საწყისი ვარ, მოგონილი ქრისტეს შობამდე,

აზრი არა აქვს თვლას და კითხვას, რამდენი წლის ვარ,

ვიცოცხლებ ალბათ, გაჩენიდან მზის ჩაქრობამდე!

მე ამ სამყაროს შეუცნობი გამოცანა ვარ,

არა ვარ მხოლოდ ცდუნებისთვის დაბადებული

ვარ დღე, თვე, წუთი, წელიწადი, მთელი ხანა ვარ,

სიკვდილ – სიცოცხლის შუა ხიდად გადადებული!

მე ქალი ვარ და ცოდვა – მადლი დამედო ღალად,

ადამის მოდგმის სიყვარულის ვარ დასაწყისი,

ალბათ ამისთვის ჩამიფიქრა უფალმა ქალად,

უზენაისი ნება იყო ამაზე მისი!

აზრი არა აქვს იმის კითხვას, ___ რამდენი წლის ვარ?

არავინ იცის ღმერთის გარდა, რა ვარ და ვინ ვარ.

აუჰ, რამდენი ვიხეტიალე,

აღმა და დაღმა, სწორზე და მრუდზე,

ხან მივყვებოდი ქარებს, ტიალებს,

ხან ვიჩიჩქნიდი ნატყვიარს გულზე.

ხან დავფრინავდი, ხან ვეცემოდი,

მაგრამ არასდროს არ მიფორთხია,

ხან ლამაზ ფერებს მივეცემოდი,

ხანაც ვიყავი ბედის კონკია.

მინდვრისგან კაბა შემიკერია,

გვირგვინად თავზე მზე დამიდგია,

დავუქანცივარ ფიქრში ხეტიალს,

ბალიშზე თავი ვერ დამიდია.

ტყის ნაკადული დამილევია,

უკან მოხედვა ვერ მომისწრია,

თმებში ყვავილი ჩამიბნევია

და გავყოლივარ ღამეს ნისლიანს.

დამიგრეხია სუროს ბაწარი,

გამომიბია ვარსკლავებისთვის,

დამილევია შავი მაჭარი,

მაგ თვალებისთვის, მაგ თვალებისთვის!

ეჰ, რამდენი დღე დამიფანტია,

აუჰ, რამდენი წელი გასულა,

ან რა მემჩნევა, ან რა მატყვია,

რომ გამიყოლა ჩემმა წარსულმა.

მწუხრის ზარები

ზარები რეკენ, ზარები რეკენ
მწუხრისას, ასე შავი და ბნელი
შემოდის ღამე, ავი და ქუფრი,
თმაჩამოშლილი და ფეხშიშველი.
ზარები რეკენ, ზარები რეკენ
მწუხრისას, თითქოს ყვებიან ამბებს
და ყოველ გამვლელს ეკითხებიან:
,,კაენ, სად არის შენი ძმა, აბელ”?
ეს მერამდენე ათასი წელი
დაღვრილი სისხლი ტირის და მოსთქვამს
კაენი დარძწის, თავის დროს ელის
და ანადგურებს ადამის მოდგმას.
ზარები რეკენ, მზის სხივი ქრება,
ღამე თანდათან ამოკლებს საბელს,
ზარები რეკენ, ზარები რეკენ:
,,კაენ, სად არის შენი ძმა, აბელ?”

მუდმივი ოცნება

მთელი ცხოვრება მზისკენ მივფრინავ,
ვგავარ მოლაღურს, ნასროლს, ნატყვიარს.
რატომღაც ბედმა არ გამიღიმა,
ოცნების ფრთები ჩამომამტვრია.
ერთ გაფრენაში სიცოცხლეს ვაძლევ,
ცხოვრებას ვაძლევ ერთ კამარაში,
დედამიწაზე დიდხანს ვერ გავძლებ,
გამიჭირდება ცივ სამარეში.
არა, მე მაინც უნდა გავფრინდე,
ვიგრძნო ჰაერის ცივი ტალღები,
გამიშვას მიწამ, გინდათ შეგპირდეთ?
პირველსავე წუთს ცას შევასკდები.

ოლეანდრები

სანაპირო და ოლეანდრები
მზე ჩაწოლილი სიყვარულს ითხოვს,
ცისფერი ფერი, ლურჯი ლანდები,
ნუთუ ეს იყო?
ოლეანდრების ქალწულურ ვნებას
ზღვის მძიმე სუნთქვა ნაპირზე იხმობს,
რას ჩურჩულებდნენ იმ ღამით ნეტავ?
ნუთუ ეს იყო?
იყო უსაზღვრო თავდავიწყება,
შავი თვალების, ლურჯი თვალების,
არავის ძალუძს გადავიწყება
ოლეანდრებად ქცეულ ქალების.
ზღვა ახლაც მძიმედ ასკდება ნაპირს,
ოლეანდრები აღარ ელიან
ზღვაში ჩავარდნილ ზღვის კაცურ ძახილს
ნაწამებს ძალა გამოლევია.
სანაპირო და ოლეანდრები,
მზე რახანია უკვე მკვდარია,
ჩვენი წარსულის ლურჯი ლანდები,
მოგონებაა და …ზღაპარია