მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ზურაბ გრიგოლის-ძე ჩიქოვანი დაიბადა 1933 წლის 6 აგვისტოს ქ. თბილისში. მან წარჩინებით (მედალზე) დაამთავრა თბილისის მ-6 ვაჟთა სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ფსიქიატრის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად და სულით ავადმყოფთა რეაბილიტაციის განყოფილების გამგედ. 1974 წელს შეთავსებით მუშაობდა ქ. თბილისის მთავარ ფსიქიატრად, 1979 წელს დანიშნული იქნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური რეაბილიტაციური ცენტრის თავმჯდომარედ. მუშაობდა ქალაქის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლად და შემდგომ მოადგილედ, ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის დარგში. პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ფსიქიატრად და ნარკოლოგად.
ზურაბ ჩიქოვანი არის 50-მდე სამეცნიერო შრომისა და კვლევის ავტორი, რომელიც ეხება ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების დანერგვასა და გამოყენებას ფსიქიატრიული რეაბილიტაციის სისტემაში. მას ეკუთვნის ასევე გამოკვლევები პათოლოგიის დროს წარმოსახვითი აზროვნების სპციფიკური კანონზომიერებების შესახებ, რასაც ავტორი აწარმოებდა მომიჯნავე დისციპლინებთან კავშირში. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სომხეთში, ქ. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 1979 წელს წარმატებით გაიარა სადოქტორო დისერტაციის აპრობაცია რუსეთში ქ. პეტერბურგში (ყოფილი ლენინგრადი) ვ. ბეხტერევის სახელობის ფსიქიატრიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში, სამეცნიერო საბჭოს პრობლემური კომისიის სხდომაზე.
2005 წელს მისი მონოგრაფია, გამოიცა წიგნად, რუსულ ენაზე ,,პათოლოგია და ადამიანის რესურსები, მხატვრული შემოქმედება – ფსიქოზი და პიროვნება”. წიგნში ანოტაციასთან და ავტორის წინათქმასთან ერთად, შესულია ყველა ის რეცენზია და შეფასება, რომელიც თან ახლდა, როგორც საკანდიდატო, ასევე სადოქტორო დისერტაციას. წიგნი რეცენზირებულია სომხეთის ფსიქიატრთა და ნარკოლოგთა ასოციაციის მიერ. ნაშრომი შეფასებულია, როგორც უაღრესად ღირებული, აქტუალური და თანამედროვე, მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი თეორიული და პრაქტიკული ფსიქიატრიისა და მისი მომიჯნავე დარგების მთელ რიგ პრობლემურ საკითხებში, სადაც წლების მანძილზე არსებობდა ვაკუუმი ამ მიმართულებით და გამიზნულია ფართო სპექტრის მკითხველისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის.
ზ. ჩიქოვანს პარალელურად მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედი და ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საგუნდო-სადირიჟორო განხრით. იგი მუშაობდა საოპერო სტუდიაში და მონაწილეობდა სხვადასხვა საოპერო სპექტაკლების დადგმაში, მათ შორისაა: ვერდის ,,ტრავიატა”, გლუკის ,,ორფეოსი”, ზ. ფალიაშვილის ,,დაისი” და სხვები. ერთდროულად ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვითმოქმედებას. იყო თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო კლასის პედაგოგი.
მან კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი, რომელშიც შედიოდნენ დღეს უკვე მუსიკალური საზოგადოების ცნობილი და ღვაწლმოსილი პიროვნებები: გივი მუნჯიშვილი – საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო კაპელის ხელმძღვანელი, ვანო ჟღენტი – ვ. სარახიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ტარიელ ბერაძე-რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, სერგო ჟვანია – კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რ. ქარუხნიშვილი – კომპოზიტორი და სხვები. ისინი მათი პედაგოგისა და ცნობილი ფოლკლორისტის ო. ჩიჯავაძის კონსულტანტობით კრებდნენ და პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. სწორედ ეს ანსამბლი იყო პირველი მერცხალი ამ მიმართულებით 50-იან წლებში.
მაგრამ განსაკუთრებით ცნობილი ზურაბ ჩიქოვანი გახდა მის მიერ შექმნილი საოჯახო ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლით, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და მსმენელთა, თაყვანისმცემელთა დიდი მოწონებითა და სიყვარულით სარგებლობს. ზურაბ ჩიქოვანი ასევე არის რამდენიმე ლამაზი სიმღერის ავტორი, რომლებიც შექმნილია ცნობილი ქართველი პოეტების: გ. ტაბიძის, ა. წერეთლის და სხვათა ლექსებზე. ესენია: ,,უსიყვარულოდ”, ,,იმერეთი”, ,,ბევრი ბევრი სადღეგრძელო”, ,,ნანა” და სხვა. იგი შესანიშნავად ფლობს საფორტეპიანო ხელოვნებასაც. მის რეპერტუარშია: ფ. შოპენის, ლ. ბეთჰოვენის, მაშკოვსკის და სხვა. კლასიკოსთა ნაწარმოებები. ზურაბი არის პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი და მოყვარული. ზეპირად იცის მის უსაყვარლეს პოეტთა ლექსები, მათ რიცხვშია: შ. რუსთაველი, გ. ტაბიძე, ვაჟა-ფშაველა, მ. მაჭავარიანი და სხვები.
ზურაბ ჩიქოვანის მამა, გრიგოლ ჩიქოვანი იყო პროფესიით მეტყევე ინჟინერი, ასევე ჰქონდა მიღებული აგრონომიული განათლება. მას დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია და ერთი წელი სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. უნდა აღინიშნოს, რომ ექიმის პროფესია ჩიქოვანების ამ საგვარეულო შტოსთვის ყოველთვის მეტად საპატიოდ ითვლებოდა, მათში ბევრია ცნობილი ექიმი, მათ შორის ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს მოღვაწეც. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გრიგოლ ჩიქოვანი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო და დედასთან ერთად გაძღოლოდა ოჯახს. 37-იან წლებში იგი იყო რეპრესირებული ,,ტროცკისტის, ყოფილი დიდგვაროვანის ბრალდებით”. ცოცხლად გადარჩენილმა თავისი ცხოვრების შემდგომი პერიოდი დაუკავშირა ბაღდათის რაიონს. იყო ბაღდათის, ვანისა და აჯამეთის ნაკრძალების გაერთიანებული სატყეო-მეურნეობის დირექტორი. იყო წიგნის დიდი მოყვარული და სიმღერის ტრფიალი, თუმცა თავად ვერ მღეროდა. მის ღვაწლსა და განვლილ ცხოვრებაზე მეტყველებს ის, რომ დღეს მისი ბიუსტი დგას ბაღდათში.
დედა, მარიამ ცხაკაია პროფესიით პედაგოგი იყო, ასწავლიდა რუსულ ენას დაწყებით კლასებში. მას დამთავრებული ჰქონდა წმ. ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა გიმნაზია. მისი ოჯახი სასულიერო ფენას ეკუთვნოდა. პოეზიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის სიყვარულის დიდი ტრადიცია არსებობდა მისი მშობლების, მაშინდელი განათლების სისტემის ჩინოსნის, ვექილის, თავადაც პოეტური მუზის მსახურის ივანე ცხაკაიასა და ცაბუ მეუნარგიას ოჯახში. მარიამი თავად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მისი ახლო ნათესავების უმრავლესობა 20-იან წლებში ემიგრაციაში აღმოჩნდა, მათ შორის იყო ცნობილი პიროვნება, მისი დეიდაშვილი, მიხეილ კედია.
ზურაბ ჩიქოვანის ძმა, გივი ჩიქოვანი, ცნობილი ექიმი თერაპევტია, წიგნისა და მუსიკის დიდი ტრფიალი, პოეზიის მოყვარული და თავადაც მოკრძალებული პოეტური შემოქმედების ავტორი. მის ერთ-ერთ ლექსზე ,,შენ სალამი დილის ქარო” ზ. ჩიქოვანმა დაწერა მუსიკა და სიმღერას ოჯახურ წრეში ჩიქოვანების ჰიმნი ეწოდა. მას ჰყავს მეუღლე ექიმი გინეკოლოგი ნანი ჩხეიძე, ქალიშვილები, რუსუდან ჩიქოვანი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქეთევან ჩიქოვანი ექიმი პედიატრი და შვილიშვილი ავთანდილ ხარშილაძე.
და – ნანა ჩიქოვანი, დამთავრებული აქვს ქ. თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული და იტალიური ენების სპეციალობით. იყო ამავე ინსტიტუტის დიდაქტიკისა და უცხო ენების სწავლების მეთოდიკის უფროსი მასწავლებელი. ძმების მსგავსად არის მუსიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების დიდი მოყვარული და თავადაც შემოქმედი პიროვნება. გამოცემულია მისი ორი შესანიშნავი, პოეტური და პროზაული კრებული ,,ფიქრები”, თბილისი 2002 წ. და ,,ირეალური რეალობა” მოთხრობები და ნოველები 2006 წ. მას ჰყავს ორი შვილი შოთა და თამარ კაპანაძეები და ოთხი შესანიშნავი შვილიშვილი: ვახტანგ, ლუკა, ლიზა გიორგობიანები და თამარ კაპანაძე.