მარიკა ჩიქოვანი დაიბადა 1959 წლის 9 აპრილს, დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა და თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები, ცნობილი ქართველი მწერლის გ. დოჩანაშვილის შემოქმედებაზე. მას პარალელურად მიღებული აქვს მუსიკალური განათლება. დაამთავრა თბილისის პირველი სამუსიკო სკოლა და დ. არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟოროს განხრით.

მარიკამ სიმღერა დაიწყო 6 წლის ასაკიდან. სკოლაში შესვლის პირველივე წლებიდან ძმასთან, გიგლასთან, ერთად გამოდიოდა სცენაზე. ისინი ასრულებდნენ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს. ფორტეპიანოზე თანხლებას უწევდათ მამა, ზურაბ ჩიქოვანი. ისინი იყვნენ არაერთი სასკოლო და რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურიატები. ამავე პერიოდში, სხვა საბავშვო კოლექტივებთან ერთად ჰქონდათ გამოსვლები მოსკოვში, მონაწილეობდნენ საკავშირო ცენტრალური ტელევიზიის გადაცემებშიც. ბავშვობაში მარიკა მღეროდა მეორე ხმას, პირველს მღეროდა გიგლა. საოჯახო ანსამბლის შემადგენლობაში მარიკა, უმცროს დასთან, გვანცასთან ერთად არის პირველი ხმა (ლირიკული სოპრანო). საოჯახო ანსამბლთან ერთად არის არაერთი რესპუბლიკური, საკავშირო, საერთაშორისო ფესტივალისა და ღონისძიების მონაწილე.

მარიკას ჰყავს მეუღლე, ანდრო ტოროტაძე, განათლებით ფიზიკოსი, პროფესიით ბიზნესმენი. მას დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, თეორიული ფიზიკის სპეციალობით. იგი იყო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.  გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ავტორიტეტულ საკავშირო და საერთაშორისო პროფესიულ გამოცემებში. პარალელურად ეწევა პუბლიცისტურ საქმიანობასაც.

იგი ფილოლოგთა და მთარგმნელთა ოჯახიდანაა. ადროს მამა, ალექსანდრე ტოროტაძე არის რუსულ-ქართული ლექსიკონის ავტორი, რომელიც დღემდე სარგელობს პოპულარობით.

დედა, ნინო მამისაშვილი არის ამ ლექსიკონის მეორე გამოცემის თანაავტორი და 15-მდე სამეცნიერო-მხატვრულ და მხატვრული წიგნის მთარგმნელი. აღსანიშნავია, მისი კარგი ვოკალური მონაცემები და მუსიკისადმი დიდი სიყვარული.

და, ქეთი ტოროტაძე, არის ინგლისური ენის სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი. იგი არის რამდენიმე წიგნისა და მოთხრობის მთარგმნელი, მათ შორის მოემის ,,მოხატული ფარდისა”.

მარიკას შვილები არიან ალექსანდრე (სანდრო) და ნინო ტოროტაძეები.

სანდრო არის 20 წლის, ნინო 18-ის.

სანდრომ დაამთავრა სკოლა-ლიცეუმი ,,იესემი”. ამჟამად სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სპეციალობით. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, მიღებული აქვს მუსიკალური განათლება. დაამთავრა თბილისის მე-10 სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს განხრით, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის ტ. ბერაძის კლასი. ის გატაცებულია, როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური მუსიკით. უყვარს სიმღერა, ცეკვა, აქვს იუმორი და პოეტური ძიებები.

ნინო თბილისის 57-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, ამჟამად აბიტურიენტი. მისი სურვილია ფსიქოლოგობა. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, არის კემბრიჯის სერტიფიკატის მფლობელი. მას მიღებული აქვს მუსიკალური განათლება. დაამთავრა თბილისის მე-10 სამუსიკო სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. ერთნაირი გატაცებით ასრულებს, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს. ბავშვობიდან ეზიარა შემოქმედებით ცხოვრებას. იყო საქართველოში საყოვეთაოდ ცნობილი საბავშვო სტუდიის, ,,ბასტი-ბუბუს”, აღსაზრდელი. წლების მანძილზე ეწეოდა სასცენო-სკონცერტო საქმიანობას, შემდეგ იყო ქორეოგრაფიული სტუდიის მოსწავლე. სანდრო და ნინო ჩიქოვანების მუსიკალური ოჯახის შემოქმედების დამფასებლები და თაყვანისმცემლები არიან.