გვანცა ჩიქოვანი დაიბადა ქ. თბილისში 1972 წლის 8 მარტს. დაამთავრა ქ. თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1995 წელს სწავლა განაგრძო დ/ე ფაკულტეტზე ესპანური ენის განხრით. 1996 წელს სწავლობდა ესპანეთში, ქ. ბილბაოს უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე. 1999-2000 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური ენის კათედრაზე, კითხულობდა სალექციო კურსს ესპანური ენის ლექსიკოლოგიაში. 2006-2007 წლებში სწავლობდა ესპანეთში ქ. სან-სებასტიანის I.E.S ZUBIRI MANTEO B.M.I. ინსტიტუტში, სადაც გაიარა ტურიზმის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ერთწლიანი კურსი. 2009 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის სკოლა-გიმნაზია ,,პირველში” ესპანური ენის მასწავლებლად. აქვს მიღებული მუსიკალური განათლება, დაამთავრა მე-8 სამუსიკო სკოლა ფარტეპიანოს განხრით.
გვანცა მუსიკალურ საოჯახო ანსამბლში გამოჩნდა სამი წლის ასაკიდან და მისით დაიწყო ახალი ეტაპი ჩიქოვანების ოჯახის შემოქმედებაში. გვანცამ ააჟღერა იმ დროისათვის მივიწყებული პოპულარული სიმღერა ,,სულიკო”, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, შესანიშნავად ასრულებდა ასაკის მიუხედავად. სწორედ მისმა ფაქტორმა, თამამად შეიძლება ითქვას, იმ დროისათვის ხელახლა გახადა პოპულარული ეს ულამაზესი სიმღერა. გარკვეული პერიოდი ეს სიმღერა ჩიქოვანების მუსიკალური ოჯახის სავიზიტო ბარათადაც იქცა.
გვანცას აქვს პირველი ხმა (ლირიკული სოპრანო), მუსიკალურ ოჯახურში მღერის მე-2 ან პირველ ხმას უფროს დასთან მარიკასთან ერთად. მას აქვს საკუთარი რეპერტუარიც. იგი შესანიშნავად ასრულებს ესპანურენოვან სიმღერებს, ფორტეპიანოსა და გიტარაზე და-ძმის, ეკასა და გიგლას თანხლებით ოჯახთან ერთად და ცალკეც.