ჩიქოვანების მუსიკალური ოჯახის ისტორია

ჩიქოვანების მუსიკალური ოჯახის შექმნის ისტორია ზურაბ ჩიქოვანისა და იფიგენია (ითო) შარაშიძის სიყვარულით დაიწყო. ისინი თანაკურსელები და კოლეგები არიან, ერთად სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. სიმღერის სიყვარულმა, მსგავსმა ოჯახურმა ტრადიციებმა და პირადმა სიმპათიებმა განაპირობა მათი შემოქმედებითი თანაცხოვრება. ზურაბი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე, ითო კი გიტარაზე. შვილებს კარგად ახსოვთ ის ძალიან ღრმა და სასიამოვნო ბავშვური შთაბეჭდილება, რასაც მშობლების სიმღერა ტოვებდა მათზე. გულაჩუყებულები ხშირად ტირილსაც იწყებდნენ ქართული პოპულარული სიმღერების ,,სულიკოსა” და ,,ციცინათელას” მოსმენის დროს. ბუნებრივმა მუსიკალურმა მონაცემებმა და მშობლების გავლენამ უფროს შვილებში, მარიკასა და გიგლაში ადრე გამოავლინა სიმღერის სურვილი. მუსიკასა და სიმღერაზე უზომოდ შეყვარებული მამისთვის, ეს დამატებითი სტიმული გახდა რომ შვილებთან ემუშავა პროფესიონალურად, მით უფრო, რომ ის ყოველთვის მაძიებელი ბუნების, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ნიჭიერი პიროვნება იყო. მას კონსერვატორიაში სწავლის დროსაც ჰქონდა მეგობრებთან ერთად შექმნილი ვოკალური ანსამბლი, რომელიც ქართული ხალხური სიმღერების შეკრებასა და პოპულარიზაციას ეწეოდა. გარკვეულად ამ ინტერესის გაგრძელებაც იყო ოჯახში მუსიკალური ანსამბლის შექმნა. ბავშვებს მამა ასწავლიდა, როგორც ქართულ ხალხურ, ასევე კლასიკურ ქართულ და უცხოურ სიმღერებს. ის რთულ პარტიტურებს ამუშავებდა ინსტრუმენტისთვის და თავად უწევდა აკომპონიმენტს შვილებს.

ხშირად მეცადინეობას ცრემლიც ახლდა, რადგან ბავშური გართობის სურვილი დიდი იყო. მამა თანმიმდევრული და მომთხოვნი იყო. ამის შედეგი იყო ის, რომ 7 და 6 წლის მარიკა და გიგლა ჩიქოვანები უკვე სცენაზე იდგნენ და პოპულარული იყო მათი შესრულებული სიმღერებიც: ,,ტიალო დარიალაო”, ,,იმერული მგზავრული”,  იტალიური ,,ჩუჩარელო”, უკრაინული ,,სუსიდკა” და სხვა. ისინი არაერთი ღონისძიებისა და სასკოლო რესპუბლიკური ოლიმპიადის ლაურიატები იყვნენ, ოქროს მედლის მფლობელები. ამ პერიოდში მათ სხვა საბავშო კოლექტივებთან ერთად ჰქონდათ გამოსვლები მოსკოვში, მონაწილეობდნენ საკავშირო ცენტრალური ტელევიზიის გადაცემაში ,,საქართველოს ყვავილები”. მესამე შვილი ეკაც, ასევე ძალიან მუსიკალური აღმოჩნდა და მან შეიძლება ითქვას, სკუთარი ინიციატივით დაიმკვიდრა ადგილი და-ძმის გვერდით. ერთ-ერთ კონცერტზე იგი ხელიდან გაუსხლტა დარბაზში მყოფ დედას, აირბინა სცენაზე, სადაც გიგლა და მარიკა იდგნენ და მამას სთხოვა მისთვისაც ემღერებინა ის სიმღერა, რომელიც იცოდა. დარბაზის მხურვალე მოთხოვნით ეკამ შეასრულა კომპოზიტორ მ. დავითაშვილის სიმღერა კინოფილმიდან ,,მანანა”. ასე დაიწყო მისი მონაწილეობა ანსამბლში. მთელმა ოჯახმა – მამა, დედამ და სამმა შვილმა კი პირველი ნათლობა მიიღო 1969 წელს, საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის გადაცემა ,,იავნანა”-ში, რომლის რედაქტორიც იყო ცნობილი ჟურნალისტი ნ. ხავთასი. მეოთხე შვილის, გვანცას გაჩენით ახალი ეტაპი დაიწყო ჩიქოვანების შემოქმედებაში. პატარა გვანცამ სამი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ააჟღერა იმ პერიოდში მივიწყებული პოპულარული სიმღერა ,,სულიკო”, სადაც ის სოლოს მღეროდა .

ოჯახის ყველა წევრს მიღებული ჰქონდა მუსიკალური განათლება, რამაც პროფესიონალური მუშაობის წყალობით შესაძლებელი გახადა მცირე ასაკიდან ურთულესი საგუნდო ნაწარმოებების, აკაპელების (თანხლების გარეშე) შესრულება, მათ შორისაა: პფეილის ,,საღამო”, ჩეხი ლოტბარის, რატილის რეპერტუარიდან, ვებერის ,,ხმლის სიმღერა”, კიუის ,,ჭექა-ქუხილი”, ალაბიევის ,,მონადირეთა სიმღერა”, მოცარტის ,,გაზაფხულის მოლოდინში” და მრავალი სხვა.

ოჯახის შემოქმედების საყრდენი და საფუძველი იყო და არის ქართული მუსიკის, ფოლკლორის, ქალაქური ფოლკლორის შესრულება. ამაში შედის, როგორც საკუთარი შემოქმედება, ზურაბ და გიგლა ჩიქოვანების სიმღერები: ,,უსიყვარულოდ”, ,,ნანა”, ,,ხატთან ანთია სანთელი ორი”, ,,იმერეთი” და სხვა, ასევე სხვა ქართველ კომპოზიტორთა და ნიჭიერ მუსიკის მოყვარულთა ნაწარმოებები: ი. გურგულიას ,,მოვალ”, ,,რატომ მემალები”, ცინუკი დადიანის ,, ჩემს სამღერალს ვინ იმღერებს”, მუჯირის ,,აპრილი მოდის”, ნ. შარაშიძის ,,ღმერთს თურმე სევდის გასაქარვებლად” და სხვა. ოჯახის რეპერტუარშია ქართული ფოლკლორის ყველა კუთხის ბრწყინვალე ნიმუში, მათ შორისაა: კახური ,,ია და ვარდო თამარო”, გურულ-მეგრულ-აფხაზური ნადურები, ქართლური ,,რიხი”, იმერული მგზავრულები და მრავალი სხვა.

ჩიქოვანების ოჯახური რეპეტიციები სასიამოვნო ყოველდღიურ მოთხოვნილებად იყო ქცეული, მით უფრო მოზრდილ ასაკში. 2-3 საათი ისე გავიდოდა, ხშირად ვერც კი გრძნობდნენ. ეს იყო იუმორით, სიმშვიდით, უსაზღვრო სიამოვნებით აღსავსე საათები, როგორც მათთვის, ასევე მათ გარშემო მყოფთათვის. ცხადია, რომ ოჯახი მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, ცხოვრობდა ყოველდღიური ინტერესებით. ოჯახის წევრები მსახურობდნენ, სწავლობდნენ, იყო პრობლემები, სევდა, სიხარული, იყო უმძიმესი პერიოდები, მაგრამ ღვთისაგან ბოძებული ბუნება, სიმღერისა და მუსიკის დიდი სიყვარული, კულტურული ოჯახური გარემოცვა იყო ის ძალა, რომელიც ინარჩუნებდა ამ ოჯახს. ბებიების, ბაბუის, ბიძის, მამიდის და სხვა ახლობელ-მეგობართა თანადგომის გარეშე, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ყოველდღიურობის ტვირთთან ერთად სასცენო – შემოქმედებითი მოღვაწეობა.

ჩიქოვანებს სასცენო მოღვაწეობის მანძილზე მრავალ კონცერტში, თვითმოქმედი კოლექტივების საერთაშორისო ფესტივალსა და ტელე-რადიო გადაცემაში მიუღიათ მონაწილეობა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, დიდსა თუ პატარა ცნობილ საკონცერტო სცენებზე (მაშინდელი საბჭოთა კავშირის ფარგლებში). მათ ჩატარებული აქვთ საქველმოქმედო სოლო კონცერტები საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში 1986 წელს, სტიქიით დაზარალებულთა და 1992 წელს, აფხაზეთიდან დევნილებისათვის, სოლო კონცერტი მოსკოვის ხელოვნების მუშაკთა ცენტრალურ სახლში 1982 წელს. ორჯერ ჰქონდათ გამოსვლა მოსკოვში, სვეტებიან დარბაზში, 1972 წელს მედმუშაკთა საკავშირო პროფკავშირების ყრილობისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე და კონცერტის მეორე დღეს, სოლო შესრულებით ყრილობის დელეგატთა დაჟინებული მოთხოვნით. ისინი წარგზავნილი იყვნენ საქართველოს მედმუშაკთა პროფკავშირებიდან, როგორც ექიმების ოჯახი. კონცერტზე მათ უდიდესი წარმატება ხვდათ წილად. იყო ცრემლები, ოვაცია. დაუსრულებული სკანდირებული ტაშის გამო, უმკაცრესი რეგლამენტის მიუხედავად, მათ ბისზე მოუწიათ სიმღერის შესრულება. აღსანიშნავია, რომ საზეიმო კონცერტში მონაწილეთაგან, მხოლოდ ჩიქოვანების ოჯახი იქნა მიწვეული სოლო კონცერტის ჩასატარებლად. 1982 წელს კი ანალოგიური ფორუმის დროს, მედმუშაკთა ყრილობის დილეგატთა მოთხოვნით და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მთელი საზეიმო კონცერტი მხოლოდ ჩიქოვანების მუსიკალურმა ოჯახმა ჩაატარა. ეს იყო უპრეცენდენტო ფაქტები, როგორც ამგვარი ფორუმების ჩატარების, ასევე ამ ცნობილი დარბაზის არსებობის ისტორიაში და ქართული მუსიკალური ოჯახის უდიდესი აღიარება.

ასევე განსაკუთრებულად დარჩა მათ მეხსიერებაში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სახელმწიფო კონცერტზე გამოსვლა. აქ პირველად გამოჩნდა დიდ სცენაზე პატარა 4 წლის გვანცა, რომელსაც გიტარა ფარავდა, როცა კულისებიდან სცენაზე ოჯახის წევრებისათვის მიჰქონდა. ოჯახმა საკუთარი ინდივიდუალური ხელწერით, რომანსის სტილში შეასრულა ცნობილი სიმღერა პფეილის ,,საღამო”, რომელიც მანამდე აკაპელად სრულდებოდა და უდიდესი ოვაცია დაიმსახურა. ოჯახის წევრებს კარგად ახსოვთ ის უცნაური ხმები, ოვაციას რომ ახლდა თან. აღმოჩნდა, რომ ხემის ინსტრუმენტებზე დარტყმით აღფრთოვანებული ორკესტრის წევრები მათთვის განკუთვნილი ადგილიდან ესალმებოდნენ შემსრულებლებს. ასევე განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო ი. ჭავჭავაძის დაბადების 104 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და გალა კონცერტი მოსკოვში, ,,მოსსოვეტის” სახელმწიფო თეატრში 1980 წელს. მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოს თითქმის ყველა ცნობილი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლი, სოლო შემსრულებელი. ჩიქოვანების ოჯახმა კონცერტის დასასრულს შეასრულა ორი სიმღერა, ი. ჭავჭავაძის ლექსზე ,,გახსოვს ტურფავ” და რუსული ხალხური სიმღერა ,,სტეპები”, დამუშავებული ანსამბლის მიერ. აღფრთოვანებულმა დარბაზმა დიდხანს არ გაუშვა სცენიდან ისინი. მერე, თეატრის ხელმძღვანელმა მოიხმო დასის წევრები და მოუწოდა მათ, ისე შეესრულებინათ რუსული სიმღერა, როგორც ამას სოლისტი გიგლა და ოჯახი მღეროდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩიქოვანების სცენაზე ყოველი გამოსვლა ასეთი ზემოქმედების ძალის იყო. მათი მოსმენის დროს ცრემლი და სიხარული ხშირად ერთდროულად ეხატებოდათ სახეზე. სასცენო მოღვაწეობის მანძილზე მრავალრიცხოვან მსმენელთა თითქმის ყველა ერის წარმომადგენელი თვლიდა და ხმამაღლა აცხადებდა, რომ ეს მათი ოჯახიც იყო. მიღებული აქვთ მრავალი წერილი მათთვის უცნობი თაყვანიმცემლებისაგან, მიძღვნილი აქვთ ლექსები სხვადასხვა ენაზე.

ჩიქოვანების მუსიკალურ ოჯახს მიეძღვნა მრავალი გადაცემა, როგორც საქართველოს, ისე ცენტრალურ საკავშირო ტელევიზიაში. უკანასკნელმა ფილმიც გადაიღო მათზე. მათი მუსიკალური შემოქმედება შევიდა, როგორც საქართველოს რადიოს, ასევე საკავშირო ცენტრალური რადიოს ოქროს ფონდში. ნიშანდობლივი და სამწუხარო ფაქტია, რომ მიუხედავად არაერთი მიწვევისა, მათ შორის ყოფილ იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვაგან ანსამბლი საბჭოეთის ფარგლებს გარეთ არ გასულა, თუმცა მათი სიმღერები არაერთხელ გადაუციათ ევროვიზიით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხმის ჩამწერმა ცნობილი სტუდიამ ,,სონარტმა” ჩაწერა მუსიკალური ოჯახის ხუთი სიმღერა და შეიტანა მათ მიერ გამოცემულ ქართული ფოლკლორის ანთოლოგიაში. 1984 წელს, საკავშირო ფირმა ,,მელოდიამ” გამოსცა მათი ფირფიტა. 1999 წელს გამოიცა ჩიქოვანების მუსიკალური ოჯახის აუდიოკასეტა, 2006 წელს ,,სანო სტუდიამ” გამოსცა კომპაქტ დისკი ,,მღერის ჩიქოვანების ოჯახი”.

ჩიქოვანების ოჯახი ეპიზოდურად მონაწილეობს ცნობილი ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის მრავალგზის პრემირებულ ფილმში ,,რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, როგორც ერთსულოვანი ოჯახის განზოგადებული პერსონაჟი, სადაც სიმღერა სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის მყარ საფუძველს ქმნის.

ჩიქოვანების ოჯახი საკუთარ სახლში ყოფილა არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიების მასპინძელი და წარმოუჩენია ტრადიციული ქართული მოლხენის ხიბლი და სილამაზე. მით უფრო, რომ მუსიკისა და პოეზიის ტრფიალი, ოჯახის უფროსი, ზურაბი, კარგი თამადაცაა. სხვადასხვა დროს ამ ოჯახის სტუმრები იყვნენ 1986 წელს, თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები, მათ შორის ისეთი ცნობილი მუსიკოსი, როგორც იყო ლუნდსტრემი. აღსანიშნავია, რომ მათივე დაჟინებული თხოვნით ყველა მათგანმა თან წაიღო ჩაიქოვანების ფირფიტა ავტოგრაფით. ასევე მასპინძლობდა ეს ოჯახი ფსიქიატრთა საერთაშორისო სიმპოზიუმის მრავალრიცხოვან სტუმრებს, გერმანიის ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიის ,,სონარტის” მესვეურებს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ეგიდით ჩამოსულ ოჯახებს და მრავალ ასეთ კერძო და სახელმწიფო მნიშვნელობის სტუმარს.

ამ ოჯახში ჭეშმარიტად შერწყმულია ქართველი ერის ორი ძირითადი თვისება: პატრიოტიზმი და ტოლერანტობა, ჭეშმარიტად დემოკრატიული ღირებულებები, რაც არასოდეს ყოფილა უცხო ქართველი ერისათვის.